„წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო, ევროპაში გამორჩეული სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმს ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ოლიგარქთან არის დაკავშირებული, დაკავებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებით, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის, ნაწილი უკვე ემიგრაციაში წავიდა და ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ ემიგრაციაში წავიდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, სადაც ის პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.
"2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო და ყოველთვის იქნება.
მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თამჯდომარეობის თანამდებობის დატოვების შესახებ ინიციატივა თვითონ გამოთქვა.