ვენესუელაში კვლავ ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები - ორი ილ-62 და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-124. ინტერნეტში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს თვითმფრინავები ასაფრენ ბილიკზე და მამაკაცების ჯგუფი.
ადგილობრივი გამოცემის, NoticieraDigital-ის თანახმად, ვენესუელაში ჩავიდა რუსეთის 99 სამხედრო მოსამსახურე და კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები რუსეთის არმიის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის უფროსის, გენერალ ვასილი ტონკოშკუროვის მეთაურობით. ამის შესახებ ასევე იტყობინებიან ბლოგერები, რომლებიც ვენესუელის მოვლენებს აშუქებენ. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება სხვა დამოუკიდებელი წყაროებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია კომენტარი ვენესუელაში რუსეთის სამხედროების ჩასვლის შესახებ. საავიაციო ტრეკერების მონაცემების მიხედვით, კარაკასში თვითმფრინავები სირიიდან ჩავიდნენ დაკარის გავლით.
რუსეთის ეს თვითმფრინავები ადრე უკვე იმყოფებოდნენ ვენესუელაში. იმის შესახებ, თუ რა იყო მათი მისია, არ იტყობინებიან. მას მერე, რაც ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, როიტერსი წერდა, რომ ქვეყანაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დასაცავად ჩავიდა რუსეთის რამდენიმე ასეული დაქირავებული მებრძოლი. მაგრამ სააგენტოს წყაროს სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს.
ვენესუელაში უკვე მესამე თვეა გრძელდება დაპირისპირება გუაიდოსა და ნიკოლას მადუროს მომხრეებს შორის. გუაიდო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა, ცნო ქვეყნის პრეზიდეტის მოვალეობის შემსრულებლად.