Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ბარი: მიულერის ანგარიშის თანახმად, ტრამპს და მის გარემოცვას არ ჰქონიათ რუსეთთან გარიგება


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ანგარიში, რომლის დასკვნები დღეს აშშ-ის კონგრესს გადაეგზავნა, ცხადყოფს, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და არც მისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ პირებს შეგნებულად არ ჰქონიათ გარიგება რუსეთთან საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში. მიულერი და მისი ჯგუფი ორი წლის განმავლობაში იძიებდნენ რუსეთის შესაძლო კავშირს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებთან. მიულერი ასევე ცდილობდა იმის დადგენას, უშლიდა თუ არა ტრამპი ხელს გამოძიებას.

მას შემდეგ, რაც მიულერმა დაასრულა გამოძიება, მან 22 მარტს, კანონის მიხედვით, აშშ-ის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს გაუგზავნა გამოძიების ანგარიში. კვირას საღამოს ბარმა ანგარიშის ძირითადი დასკვნები კონგრესს გადაუგზავნა.

უილიამ ბარი აშშ-ის კანონმდებლებისადმი მიწერილ წერილში აცხადებს, რომ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის თანახმად, გამოძიება პრეზიდენტ ტრამპს არც ამართლებს და არც მის დამნაშავეობას ადასტურებს.

როგორც უილიამ ბარი წერს კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში, სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აღნიშნავს, რომ მის „გამოძიებას არ დაუდგენია, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრები რუსეთის მთავრობასთან კონსპირაციას ან კოორდინაციას აწარმოებდნენ არჩევნებში მისი ჩარევისკენ მიმართულ საქმიანობაში“.

ბარის წერილში ასევე ნათქვამია, რომ მან და მისმა მოადგილემ, როდ როზენსტაინმა „დაასკვნეს, რომ მტკიცებულებები რომლებიც მოპოვებულ იქნა“ მიულერის გამოძიების მსვლელობაში, „საკმარისი არ არის იმის დასადგენად, რომ [პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა] მართლმსაჯულების ობსტრუქციის დანაშაული ჩაიდინა“.

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიულერის გამოძიება წარმოადგენს „მის სრულ და ტოტალურ გამართლებას“.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯერი ნადლერმა შეშფოთება გამოხატა მიულერის ანგარიშის მიხედვით ბარის მიერ გაკეთებული დასკვნების გამო და განაცხადა, რომ მისი კომიტეტი გამოკითხვისთვის მიიწვევს უილიამ ბარს.

გამოძიების მსვლელობისას რობერტ მიულერმა სხვადასხვა ბრალდება წაუყენა ოცდაათზე მეტ ადამიანს და იურიდიულ პირს. ამ მომენტისთვის არცერთი ეს საქმე პირდაპირ არ უკავშირდება საკითხს, ჰქონდათ თუ არა ტრამპსა და მის მოკავშირეებს რუსეთის ოფიციალურ პირებთან გარიგება.

მიულერის სრული ანგარიშის შინაარსი კვლავაც კონფიდენციალურად რჩება. გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა, იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესმა და თეთრმა სახლმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ, მისი რა ნაწილები შეიძლება გასაჯაროვდეს.

XS
SM
MD
LG