პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.
ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტი იმის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას და ამ პროცესში ქვეყანას გვერდით უდგას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მისწრაფებას, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს არჩევანი არა მხოლოდ პოლიტიკურია, არამედ ღირებულებებს ეფუძნება.
მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს რეფორმების პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით სრულდება და ინტეგრაციის მექანიზმის ეფექტურად გამოყენება საქართველოს ეხმარება ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში.
„ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ნატოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, განიხილეს გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, და ასევე, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივები. მამუკა ბახტაძის განცხადებით, გამოწვევებია ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რადგან ამ რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო მეტ პრიორიტეტს იძენს ნატოსთვის და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.