Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჯანდიერი: ირღვევა დეკანოზ მამალაძის უფლებები


ადვოკატ დავით ჯანდიერის განცხადებით, „დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას“ და აუცილებელია მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში.

ადვოკატის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულებაში არ არის დაცული პატიმრის უფლებები, მაგალითად:

  • „პატიმარს დღემდე არ უტარდება რეაბილიტაციისთვის საჭირო/აუცილებელი ღონისძიებები, თუ არ ჩავთვლით ხელსა და ფეხზე ვარჯიშს“;
  • „ძირითად დიაგნოზთან დაკავშირებული არასათანადო მკურნალობის გარდა, პატიმრის განცხადებით, ბოლო პერიოდში მას აღენიშნება მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობა, აქვს ოფლიანობა, რისი გამომწვევი მიზეზიც არ დადგენილა“;
  • „დამატებით, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამალაძე გაცივდა. მას გაეწია სამედიცინო დახმარება, მაგრამ არაეფექტურად“;
  • „მკურნალი ექიმს ის არ უნახავს პარასკევის შემდეგ დღევანდელი დღის 16 საათამდე“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან 2019 წლის 22 თებერვალს გადაიყვანეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულებაში. ჯანდიერის თქმით, ეს მოხდა „მისი ნების საწინააღმდეგოდ და მკურნალ ექიმზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად“.

დავით ჯანდიერის განცხადების თანახმად, 25 მარტს გიორგი მამალაძემ უარი განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების მიერ მიწოდებული საკვების მიღებაზე.

„სამწუხაროდ ჩვენი რამდენიმესაათიანი შეხვედრა ისე დასრულდა, ვერ შევძელი გადამერწმუნებინა. დღესვე მქონდა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახლო საათებში მოინახულებენ მსჯავრდებულ დეკანოზს“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.

რაც შეეხება სხვა პირობებს, ადვოკატის თქმით:

  • „პალატაში, რომელიც, გადმოცემით, ერთ-ერთი საუკეთესოა შენობაში, პერიოდულად ითიშება გათბობა, ასევე შეფერხებებია ცხელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით“;
  • „ერთი თვის განმავლობაში პატიმარმა 4 ჯერ იბანავა, აქედან ორჯერ ცხელი, ხოლო ორ შემთხვევაში - გრილი წყლით, რაც მისი განცხადებით მისი გაცივება გამოიწვია“;
  • „დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ N18 დაწესებულებას არა აქვს სამარხო მენიუ, რის გამოც ის იძულებული გახდა საჩივრით მიემართა ადმინისტრაციისთვის“.

გიორგი მამალაძე ამჟამად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. 2019 წლის 7 მარტს საექსპერტო დასკვნების საფუძველზე სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა უშუალოდ იუსტიციის მინისტრს პატიმრის გადაყვანის შესახებ სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში.

სამინისტროს სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე რეაგირებისთვის 2 დღე დარჩა.

„რეკომენდაციაზე რეაგირების არქონა 18 დღის განმავლობაში, მომჩივნის რწმენით, ადასტურებს სამინისტროს არასენსიტიურობას დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის საკითხისადმი, რაც დაადასტურა იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მარტის საჯარო განცხადებამ იმის თაობაზე, თითქოს ორი სხვადასხვა, წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს მომჩივნის ჯანმრთელობის შესახებ, არადა ორივე დასკვნა ავსებს ერთმანეთს და სახალხო დამცველის მიერ ისინი მიეთითა, როგორც მის მიერ გაცემული რეკომენდაციის გამამყარებელი ორი სხვადასხვა დოკუმენტი.

სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრი საკუთარ თავს აძლევს უფლებას ტყუილები იკადროს, როდესაც საკითხი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG