Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: ინსპექტირება ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა


ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული იყო დირექტორის, ია კერზაიას დასჯაზე - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ანგარიშის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ 26 მარტს წარმოადგინა.

ინსპექტირების დასკვნის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები სკოლაში აღმოჩენილ დარღვევებს დრამატულად წარმოაჩენდა. ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკურ საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები.

"სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული არ იყო სკოლის, როგორც, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, რაც ეწინააღმდეგება აუდიტის თანამედროვე სტანდარტებს,"- აღნიშნა ISFED-ის აღმასრუულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ. მისი თქმით, რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ სამეურვეო საბჭოს ია კერზაიას სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა, დარღვევების გამომწვევ მიზეზებს ვერ მოაგვარებდა. "ეს რეკომენდაცია ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე",- წერია ISFED-ის ანგარიშში.

"სამართლიანი არჩევნები" მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, ასევე გამოიძიოს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე ხელისუფების მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG