Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ძალოვნები მასობრივ ჩხრეკას ატარებენ ყირიმელი თათრების სახლებში


რუსეთის უშიშროებისა და სამართალდამცველი სტრუქტურის თანამშრომლები ყირიმელი თათრების დაახლოებით 25 სახლში ატარებენ ჩხრეკას, რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ რეალიის“ ინფორმაციით დაკავებულია დაახლოებით 10 კაცი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთში აკრძალულ ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირთამ“ თანამშრომლობაში.

ორგანიზაცია „ყირიმის სოლიდარობის“ ცნობით, ჩხრეკა მიმდინარეობს სიმფეროპოლის რაიონის სოფელ სტროგონოვკაში. ყირიმელი ადვოკატის მამეტ მამბეტოვის აზრით, პოლიცია ასევე შედის სოფელ ვლადიმიროვსკის მცხოვრებთა სახლებში.

ყირიმელი აქტივისტების მონაცემებით, კამენკას მიკრორაიონი გადაკეტილია რუსეთის ეროვნული გვარდიის მიერ. მოსახლეობას არ უშვებენ თავის სახლებში, ჩხრეკას არ ასწრებენ ადვოკატებს.

რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყირიმის განყოფილება, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რუსეთის გვარდიასთან ერთად ჩხრეკას ატარებენ იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც აღძრულია ყირიმის რამდენიმე ათეული მცხოვრების წინააღმდეგ რუსეთში აკრძალულ ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირთან“ მათი სავარაუდო კავშირების გამო. ამასთან უცნობია ეჭვმიტანილების რაოდენობა და მათი ვინაობა.

საერთაშორისო ისლამური ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ თავის ამოცანად მიიჩნევს ყველა მუსლიმანური ქვეყნის გაერთიანებას ისლამურ ხალიფატში, მაგრამ უარს ამბობს ტერორისტული ბრძოლის მეთოდებით ამ მიზნის მიღწევაზე.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ უკანონოდ იდევნებიან რუსეთისა და კრემლის მიერ 2014 წლის მარტში ანექსირებული ყირიმის ტერიტორიებზე.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ 2003 წლიდან არის აკრძალული, როგორც ორგანიზაცია, რომელიც შეყვანილია ტერორისტული გაერთიანებების სიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG