Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია საგამოძიებო უწყებებს ერთთვიან ვადას აძლევს


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს ერთთვიან ვადას აძლევს. იგი ითხოვს პასუხს მთავარ კითხვაზე - ვინ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ორგანიზატორი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელმეორედ გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ შტურმს:

გასაოცარია, რომ ამ პერსონალური მორიგი თავდამსხმების და ჩემს წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი შტურმის ფონზე კვლავ გააქტიურდა და გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერები. ესეც შემთხვევით ხდება? როდესაც მედიის მეშვეობით გავიგე ამის შესახებ, მე თავად დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და ეს გუშინ ჩემგან შეიტყვეს. ჩემგან უნდა გაეგოთ ეს ამბავი?“- განაცხადა ეკა ბესელიამ მედიასთან.

მისი თქმით, ერთთვიანი ვადა საკმარისია იმისთვის, რომ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე სამართალდამცავებმა შესაბამისი პასუხი გასცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი გეგმა და შეფასება განსხვავებული იქნება, რაზეც საგამოძიებო ორგანოებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ ისაუბრებს. ამასთან ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ კითხვებზე პასუხს შესაბამისი უწყებები ვერ გასცემენ, პასუხისმგებლობის აღება მოქმედ ხელისუფლებას მოუწევს.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ერთი პირია დაკავებული. იგი არასრულწლოვანია. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელების შემკვეთი არ იკვეთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG