Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამხედრო კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან


ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა, სასტუმრო „ბილტმორი“
ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა, სასტუმრო „ბილტმორი“

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

„ნატო, როგორც ალიანსი, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც. ალიანსი ისევ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები.

ნატო მიესალმება საქართველოს მცდელობებს, რომ მოძებნოს კრიზისის გადაჭრის მშვიდობიანი გზები და მიესალმება საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის მისამართით ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა სერ სტიუარტ პიჩმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ალიანსის ღირსეული პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ნატოს საერთაშორისო მისიების ფარგლებში.

„თქვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ნატოსთან ერთად, უკვე მრავალი წელია. ფაქტობრივად, საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. ისინი ვინც ავღანეთში ყოფილან, იციან თუ რამხელა პატივს სცემენ ქართველ სამხედროებს თავიანთი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების გამო“, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას სასტუმრო „ბილტმორი“ მასპინძლობს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარესთან, ავიაციის მთავარ მარშალ სერ სტიუარტ პიჩთან ერთად უძღვებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 27 მარტს ეწვია.

28 მარტს, ვიზიტის მეორე დღეს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს. ის ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასრულდება. JTEC-ში ალიანსის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები „ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

მრავალეროვანი, ბრიგადის დონის სამხედრო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

სამხედრო კომიტეტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა და მისი ძირითადი ფუნქციაა შეიმუშაოს რეკომენდაციები ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის - ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფისთვის.

XS
SM
MD
LG