Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეი მას მერე გადადგება, რაც პარლამენტი მოიწონებს ბრექსიტზე შეთანხმებას


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მას მერე გადადგება, რაც პარლამენტი მოიწონებს შეთანხმებას ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადეს მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრმა დეპუტატებმა, რომელთა წინაშეც გამოვიდა პრემიერი. მეის კანცელარიაში ოფიციალურად დაადასტურეს ეს ცნობა.

მეის არ დაუსახელებია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ზუსტი თარიღი. შეხვედრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ეს ზაფხულში მოხდება. თუკი პარლამენტი მოიწონებს შეთანხმებას, ბრიტანეთი 22 მაისს უნდა გავიდეს ევროკავშირიდან.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, მოახერხებს თუ არა მეი თავისი დაპირებით იმის მიღწევას, რომ აქამდე სკეპტიკურად განწყობილი დეპუტატები დაითანხმოს ევროკავშირთან შეთანხმების მხარდაჭერაზე. მაგრამ უმრავლესობის მოგროვების შემთხვევაშიც არ არსებობს იმის გარანტია, რომ თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერკოუ დათანხმდება პროექტის კენჭისყრაზე გატანას. არ არის ნათელი არც ის, გადადგება თუ არა მეი, თუკი პარლამენტი არ მოიწონებს ევროკავშირთან შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG