Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერების ხილვადობის დღეს მანიფესტის კითხვით გამოეხმაურებიან


31 მარტს ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღე აღინიშნება. ტრანსგენდერი ქალების და კაცების საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ დღისთვის ოლნაინაქცია დაგეგმეს - ტრანსგენდერი თემის მანიფესტის კითხვა.

მანიფესტი საზოგადოებას მოუწოდებს ტრანს ჯგუფისა და ზოგადად ერთმანეთისადმი სოლიდარობისკენ.

მანიფესტის ავტორები სთავაზობენ ყველა მხარდამჭერს, სახლში იქნებიან ისინი, სამსახურში თუ მეგობართან, ჩართონ ფეისბუკლაივი და წაიკითხონ მანიფესტი და ასე გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

მანიფესტში წერია, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მათი გარეგნობისა და გენდერული გამოხატვის გამო, რომ ჯანდაცვის სისტემა არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე - არ აძლევს ჰორმონოთერაპიისა და სქესის შეცვლის ოპერაციის საშუალებას. რომ ისინი ასევე ვერ იღებენ სიცოცხლისათვის საჭირო სამედიცინო სერვისებს და რომ ტრანსგენდერ ადამიანებზე არ ზრუნავს სახელმწიფო.

მანიფესტის ტექსტში ასევე წერია:

  • სახელმწიფო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არ უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გამუდმებით შიშში იატაკქვეშ უწევს ცხოვრება.
  • ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და თანასწორ გარემოს. რის გამოც ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას.
  • ტრანსგენდერ ადამიანებს სახელმწიფო არ აძლევს დასაქმების საშუალებას, არ იცავს მათ დისკრიმინაციისგან სამსახურში. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობა იძულებულია ჩაერთოს სექს-სამუშაოში.
  • ტრანსგენდერი ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მათი ყოფა არაადამიანური, დამამცირებელი და გაუსაძლისია!
  • თუმცა ეს არ არის მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემა! თუ შენ ხარ დაუსაქმებელი, ან დასაქმებული დაბალანაზღაურებად სამსახურში, თუ შენი უფლებები ირღვევა შენს სამუშაო ადგილას, თუ შენ არ მიგიწვდება ხელი ჯანდაცვასა და საჭირო მედიკამენტებზე, თუ შენ ვერ იღებ განათლებას, თუ შენ იჩაგრები შენი გენდერის ან განსხვავებულობის გამო, შენ არ უნდა გაჩუმდე!

"არ შეეგუო უსამართლობას - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, უმუშევრობაში და უსახლკარობაში ცხოვრობენ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა! შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში", - ვკითხულობთ მანიფესტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG