28 მარტს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროსსადგურ „გოცირიძის“ ხიდი დაზიანებულია და მატარებლის სამოძრაოდ უსაფრთხო არ არის.
გავრცელებული ცნობის თანახმად, სამატარებლო ხიდის ერთ-ერთმა საყრდენმა ბოძმა ცვლილება განიცადა და რამდენიმე მილიმეტრით არის დაწეული. ხოლო მემანქანეებს ამ ხიდზე ნელა გადაადგილების ინსტრუქცია მისცეს.
ამ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებით გამოეხმაურა და საინფორმაციო სააგენტოებს მოუწოდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია გავრცელებამდე სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან გადაამოწმონ.
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ ხიდს, სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზა ჩაუტარდა 2019 წელს.
ექსპერტიზის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია უახლოეს დღეებში დასკვნის გასაჯაროებას გეგმავს.