Accessibility links

site logo site logo

სოციალური მუშაკებს ხელფასი 2020 წლის 1 იანვრიდან გაეზრდებათ


ხელფასების ზრდა 2018 წელს დაიგეგმა, დაიგეგმა ეტაპობრივად და იგეგმება 1200 ლარამდე, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

სხდომაზე სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. კომიტეტის წევრები და სოციალური მუშაკები სხდომაზე ჯანდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებს უსმენენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თანახმად, ხელფასი 800 ლარიდან 1200 ლარამდე სოციალურ მუშაკებს 2020 წლის 1 იანვრიდან გაეზრდებათ:

„სამწუხაროდ ჩვენ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე ხელფასის ზრდა მოვითხოვოთ იმიტომ, რომ ისევ საბიუჯეტო ასიგნებებამდე მივდივართ. თუმცა ვფიქრობთ, რომ მანამდე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს,“- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მისი განმარტებით 2020 წლის 1 იანვრამდე დარჩენილი 8-9 თვის განმავლობაში კონცენტრირებაა საჭირო იმისთვის, რათა ყველაფერი გაკეთდეს სოციალური მუშაკის ტვირთის შესამსუბუქებლად, როგორც საქმიანობის, ისე ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯების მიმართულებით.

"დიდი იმედი მაქვს და ჩანს იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიონ", - განაცხადა თავის მხრივ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ. მისი განმარტებით, კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“,რომელიც აღნიშნულმა კომიტეტმა მოამზადა, ყველა ის მოთხოვნაა გათვალისწინებული, რასაც გაფიცული სოციალური მუშაკები ითხოვენ.

„კანონში აბსოლუტურად ყველა ის გარანტიაა გათვალისწინებული, მათ შორის ხელფასების მომატება, რომელსაც დღესდღეობით სოციალური მუშაკები ითხოვენ. ჩვენ ამ პროცესს წელს ვამზადებთ და მომავალი წლიდან მის შესრულებას უკვე ვიწყებთ,“-აღნიშნა სოფიო კილაძემ. მისი თქმით, კომიტეტი შესაბამისი უწყებებიდან ისმენს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების მდგომარეობას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია“,- განაცხადა მან.

სოციალური მუშაკები 25 მარტიდან არიან გაფიცულები. 28 მარტს ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, გაფიცვა არ შეწყდეს. განცხადებაში,რომელიც დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდა, თუმცა მოთხოვნების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, ნაწილი კი საერთოდ არ ასახულა გეგმაში.

დღეს, 29 მარტს მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG