Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური მუშაკები გაფიცვის მეხუთე დღეს ქუთაისში აქციას მართავენ


ქუთაისში გაფიცული სოცმუშაკების ნაწილი, მეხუთე დღეა, აქციებს მართავს. დღეს ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნების შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკის, ნათია წივწივაძის, განცხადებით, რამდენიმედღიანი შეხვედრების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან მხოლოდ რამდენიმე და ისიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

„სამინისტროს მიერ გუშინ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა იყო უპასუხისმგებლოდ შედგენილი და ჩვენ უკმაყოფილონი ვართ, რის გამოც ვაგრძელებთ გაფიცვას“.

რამდენიმედღიან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტროსთან უშედეგოდ მიიჩნევს უფროსი სოცმუშაკი მზევინარ ღაჭავა. მისივე განცხადებით, ის ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რადგან „ სოცმუშაკების პრობლემების შესახებ მინისტრი სერგეენკო ინფორმირებული იყო და ამ დრომდე არაფერი მოიმოქმედა“.

სოცმუშაკებისავე განცხადებით, ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა პარალიზებულია, რადგან გაფიცვის გამო ვერ ხორციელდება გეგმიური ვიზიტები ბენეფიციარებთან.

როგორც ქუთაისში აქციაზე შეკრებილმა სოცმუშაკებმა განაცხადეს, გაფიცვას გააგრძელებენ, ვიდრე სამინისტროსგან რეალურ სამოქმედო გეგმას არ მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG