EUROJUST-თან ჰააგაში ხელმოწერილი შეთანხმება გულისხმობს, საქართველოს გაძლიერებას ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, EUROJUST-ში საქართველო წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში მეკავშირეები ჰყავთ ასევე პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის: აშშ-ის, ნორვეგიასა და შვეიცარიას.
ჰააგაში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ და EUROJUST-ის პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა.
„ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, გამოიყენოს და მიიღოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში თითოეულ წევრს გააჩნია ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მეორეს მხრივ, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა - გაფართოვდეს ამ ბრძოლის გეოგრაფია, როგორც რეგიონალური კუთხით, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
EUROJUST-თან ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება ასევე გულისხმობს ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლებისა და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.
EUROJUST-ი ევროკავშირის სტრუქტურაა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.