Accessibility links

site logo site logo

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართავენ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები - სასამართლო რეფორმა


„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას, სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის ნაცვლად, „თავს მოახვია ფასადური პროცესი“, სადაც მოსამართლეთა ნომინაციის კრიტერიუმები და პროცედურები „მხოლოდ ილუზიის შექმნის მიზნითაა შემოთავაზებული“, - წერია ერთობლივ წერილში, რომლითაც ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს მიმართავენ.

წერილში მოთხრობილია წინაისტორია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციან სიასთან დაკავშირებით, რომლის პარლამენტისთვის წარდგენამაც საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

„სია შედგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ მდგომი რეპუტაციის მქონე მოსამართლეებისგან, რომელთაც წარსულში საეჭვო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთა მიმართ დაბალია საზოგადოებრივი ნდობა. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე „ქართულ ოცნებას“ მოუწია ნომინაციის პროცესის შეჩერება და კანონის რეფორმირების პირობის დადება, მერიტოკრატიული და გამჭვირვალე შესარჩევი პროცესის უზრუნველსაყოფად“, - თუმცა წერილზე ხელმომწერთა თქმით, მმართველმა პარტიამ დაპირება არ შეასრულა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ უპირატესობა მიანიჭა საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარ ფორმულირებას, რომელიც ხელსაყრელია სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების „კლანად“ ჩამოყალიბებული ჯგუფისთვის.

„ქართულმა ოცნებამ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლიდერობით (რომლის მზარდად აგრესიული რიტორიკა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ ცალკე შეშფოთების საგანია), შეინარჩუნა გადაწყვეტილების მიღების ფორმულა ნომინაციის პროცესში, რაც აკანონებს და განამტკიცებს გავლენიან მოსამართლეთა ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში, რომელიც კლანად ჩამოყალიბდა“.

ჯანი ბუკიკიოსთვის გამიზნულ წერილში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა მუშაობის პროცესში წარმოდგენილ ჯანსაღ ალტერნატიულ ინიციატივებზე და „ისე მიიღო კანონი პირველი მოსმენით, რომ არც კი დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და, კონსტიტუციის დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ინტერპრეტაციის ფონზე, გაიტანა საკუთარი გადაწყვეტილების მიღების ფორმულა და ამით გამორიცხა დაცვის მექანიზმის შექმნა კლანური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ“.

წერილის ავტორები თვლიან, რომ „ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯით ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, რამაც შესაძლოა მწვავე სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს“. ისინი იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კრიზისის თავიდან აცილებას მოემსახურება და შესაბამისობაში იქნება საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესთან. ტექსტში მოცემულია ასევე ცვლილებების ჩამონათვალი, რომელთა შეტანაც აუცილებელია პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტში.

განცხადების ტექსტს ხელს აწერს 15 პოლიტიკური გაერთიანება და საზოგადოებრივი ორგანიზაცია: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.

„საერთო სასამართლოების კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 20 მარტს დაამტკიცა. მას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG