Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი ფორუმი გაიხსნა


„ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში“ - ეროვნული მასშტაბის კამპანია ქუთაისიდან დაიწყო და სასტუმრო „ბაგრატი1003“-ში დღეს გაიხსნა ორდღიანი ბიზნესფორუმი „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელზეც საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ. ფორუმის ორგანიზატორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვას განცხადებით, „ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებითვის ხელშეწყობა. სლოგანი „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამ კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყებ მეწარმე ქალთა კავშირების გაუმჯობესებას. კამპანია ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ 2010 წელს შემუშავდა. ეს პრინციპები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნესს ქალების ხელშეწყობაში სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“.

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე ორდღიანი ფორუმის მიზნად ასახელებს ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლისა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენას. „ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ 11 აქტივობას, რომლებიც სხვადასხვა ადგილას გაიმართება“.

31 მარტს ფორუმის ფარგლებში ქუთაისში, მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებული აქტივობები გააერთიანებს სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით თამაშს, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ქოუჩინგის მასტერკლასებსა და საინფორმაციო სტენდებს. ფორუმი ელექტრონული მუსიკის პერფორმანსით დასრულდება, რომელსაც ახალგაზრდა კომპოზიტორი ქალების ჯგუფი წარადგენს.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი წელს პირველად ტარდება საქართველოში და იგი გაიმართება სხვა დიდ ქალაქებშიც - ბათუმსა და ზუგდიდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG