საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გვიან ღამით დაასრულა სამძებრო სამუშაოები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში, სადაც მშენებლობისას მიწის მასის ჩამოშლამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა 31 მარტს საღამოს მოხდა. ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შედარებით მალე ამოიყვანეს, მეორეს კი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ჭავჭავაძის ხუთ ნომერში მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს.
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, გიორგი ბაგრატიონის ინფორმაციით, ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა შემოწმებული იყო და სამუშაოების მწარმოებელმა კომპანია „ტრანსმშენმა“ შესაბამისი დოკუმენტაცია ერთი კვირის წინ წარადგინა.
„შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მიწა მოწყდა, ეს ობიექტი იყო გადამოწმებული, დასკვნები წარმოდგენილი. ჩვენ მოვთხოვეთ ამ კომპანიას დასკვნა, რომელიც უნდა ჰქონოდათ სამშენებლო მოედანზე, როგორც ყველა ობიექტს ვთხოვთ“ - განაცხდა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, არანაირი წინასწარი ეჭვი შესაძლო დარღვევაზე არ ყოფილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს, 19 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილია აქცია, რომლის მონაწილეები გააპროტესტებენ შრომის უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობას.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორია „სოლიდარობის ქსელი.“