სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება და 2018 წლის მდგომარეობას ასახავს, 2017 წლიდან 2018 წლამდე თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებების მაჩვენებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს - 116 შემთხვევა. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40% აჭარის რეგიონში გვხდება. აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტირებულია იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული.
"საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული."- ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.