Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზების პროექტს ავსტრალიური კომპანია მოამზადებს


ანაკლია
ანაკლია

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე დაინტერესება გამოხატა ოთხმა კომპანიამ, ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე კი გადავიდა სამი, რომელთაგან საუკეთესო წინადადება, როგორც ტექნიკური ასევე, ფინანსური კუთხით „სმექ"-მა წარმოადგინა.

ავსტრალიურმა კომპანიამ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია 7 თვეში უნდა მოამზადოს.

პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონი ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებითვე, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.

დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანია „სმექი“ 1949 წელს დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანიის, SJ ჯგუფის წევრია. კომპანია 40-ზე მეტ ქვეყანაში 130-მდე ოფისითაა წარმოდგენილი. „სმექ“-ს პროექტები აქვს განხორციელებული აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. მათ შორისაა ავსტრალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსური ჰიდროელექტრო სამუშაოთა სქემა.

კომპანიას დაპროექტებული აქვს ჯამში 145 კმ. გვირაბი, 2000 კმ. გზა და 80 კმ. აკვედუკი. „სმექი“-ს საქმიანობის სფეროა ხიდების გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს პროექტირება. კომპანიის წლიური ბრუნვა საშუალოდ 350-360 მილიონი დოლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG