Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდნენ


საქართველოს პარლამენტში დასრულდა ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებთან.

კობახიძემ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გააცნო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურას და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი და საქართველოს ხელისუფლების საერთო მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და მისი გათავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან.

ირაკლი კობახიძის შემდეგ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდნენ.

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დელეგაციას გააცნეს კანონპროექტის ოთხი ძირითადი პრინციპი, რომელზც საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა და შეკითხვები.

„კერძოდ, ეს არის ის, რომ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც მოსამართლე წევრებს, ასევე იურისტებს, რომლებიც სისტემის გარეთ არიან. სიის შედგენის და პარლამენტში წარმოდგენის პროცესი არის გამჭვირვალე, პარლამენტში კანდიდატები განიხილებიან პრაქტიკულად ამერიკის კონგრესის სტანდარტით და კენჭისყრა მოხდება ინდივიდუალურად, თითოეულ კანდიდატურაზე“ - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ. მისი ინფორმაციით, ვენეციის კომისიისგან უახლოეს პერიოდში ელიდებიან დასკვნას და რეკომენდაციებს.

„სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ყოფილიყო, რათა გამოირიცხოს ყველანაირი სუბიექტური კითხვა და პოლიტიკური სპეკულაციები ამ პროექტზე. მათ გვითხრეს, რომ მოკლე ვადებში იქნება შეფასებები და როცა იქნება დასკვნა წარმოდგენილი, ჩვენ ამას განვიხილავთ და ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, გავითვალისწინებთ" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

დღესვე ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდება პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წევრებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

XS
SM
MD
LG