კომპანია „ტრანსმშენმა,“ რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მშენებლობას აწარმოებს, ღრმა მწუხარება გამოთქვა უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა კომპანიის განცხადება, რომლის თანახმად, „აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები.“
„ტრანსმშენის" ინფორმაციით, გარდაცვლილები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.
„ტრანსმშენი“ აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
31 მარტს საღამოს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მდებარე სამშენებლო ობიქტზე მიწის მასის ჩამოშლამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი საავადმყოფო უნდა აშენდეს. ამჟამად მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.