რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ უსაქმო ლაპარაკი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატმა ტექნიკური ხასიათი მიიღო, ამიტომ საჭიროა მისი მაღალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა.
„მიმაჩნია, რომ ქართული მხარე, უშუალოდ საქართველოს ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის საკითხით. ყველა სხვა საუბარი ფორმატის შეცვლის და მისი პროდუქტიულობა-არაპროდუქტიულობის შესახებ, უბრალოდ, უსაქმო ლაპარაკია“ - უთხრა რუსულ სააგენტოს „რია ნოვოსტის“ კოვემ, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ძირითადია თავდაუსხმელობის იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერა, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხს არაკონსტრუქციულად უდგება.
საქართველოს ხელისუფლებას ცალმხრივად უკვე აღებული აქვს ძალის არგამოყენების შეთანხმება და იმავეს უკვე წლებია უშედეგოდ მოითხოვს რუსეთისგანაც.