Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში დაასახელეს ეპოქა, რომელიც ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლიდან დაიწყება


იაპონიაში ოფიციალურად წარმოადგინეს დასახელება ახალი ეპოქისა, რომელიც, ქვეყანაში მოქმედი ტრადიციის თანახმად, დაიწყება ახალი იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის შემდეგ. ეს ერთ თვეში, 30 აპრილს მოხდება - როცა ამჟამინდელი იმპერატორი, ნარუჰიტოს მამა, 85 წლის აკიჰიტო ტახტიდან გადადგება.

ახალი ეპოქის სახელი, "რეივა", ითარგმნება როგორც "წესრიგი და ჰარმონია". იაპონურ კალენდარში წლების ათვლა წარმოებს მოქმედი მონარქის ტახტზე ასვლიდან. მაგალითად, მიმდინარე წელი ითვლება "ჰეისეის ეპოქის 30-ე წლად", რადგან აკიჰიტო 1989 წელს გახდა იმპერატორი. "ჰეისეი" ნიშნავს "მიღწეულ მშვიდობას".

ეპოქათა დასახელებები იაპონიაში ფართოდ გამოიყენება. ისინი აღნიშნულია მონეტებზე, პირად დოკუმენტებზე, გაზეთებზე და ასე შემდეგ. ყოველდღიურ ცხოვრებაში იაპონელები იყენებენ როგორც ტრადიციულ, ისე დასავლურ კალენდარს.

ითვლება, რომ ეპოქის სახელი, რომელსაც კლასიკურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ირჩევენ, უნდა გამოხატავდეს ეპოქის ხასიათს და ახალ მონარქთან უნდა იყოს დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის იმპერატორი რეალური ძალაუფლებით დიდი ხანია აღარ სარგებლობს.

იმის შესახებ, რომ იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგებოდა, ოფიციალურად 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადეს. 200 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ეს იაპონიაში პირველი ასეთი შემთხვევაა. მისი მემკვიდრე 59 წლისაა და ის იაპონიის 126-ე იმპერატორი გახდება. იაპონიის მმართველი დინასტია ითვლება მსოფლიოში უძველეს მონარქიულ გვარად.

XS
SM
MD
LG