Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას


„ბარემ პირდაპირ ილია ჭავჭავაძე აკრძალეთ, რომელიც მე-19 საუკუნეში ამბობდა, ლიბერალიზმი სალანძღავ სიტყვად გაიხადეთო! ის, რასაც თქვენ აკეთებ, არის მეცხრამეტე საუკუნის რეტროგრადული რუსული ნარატივი! თქვენ გააკეთეთ ის, რაც ეწინააღმდეგება ყველა კონსტიტუციას, პიროვნების თავისუფლებას, სოლიდარობა და საერთოდ, თაბნამედროვე სამყაროს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე, ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია პრინციპი, რომლითაც კანონმდებლობა ბავშვთა უფლებების კონვენციას დაუახლოვდება, თუმცა არის თუ არა ამოსაღები ჩანაწერი „ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“, ამის თაობაზე განათლების სამინისტროს გარკვეული შენიშვნები აქვს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ნუკრი ქანთარია და გენადი მარგველაშვილი.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობით აიხსნება და რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები „არ შეესაბამება ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას“.

კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG