საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, უწყებას საპენსიო სქემის დატოვების თაობაზე, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ადამიანმა მიმართა.
პირველი აპრილიდან, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება.
„ამჟამად სქემის დატოვების უფლება პრაქტიკულად, არც ერთ მოქალაქეს არ აქვს, რადგან ბუღალტერის მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში პირველი დეკლარაციის დახურვიდან და შესაბამისად, მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან, 3 თვის ვადა არაა გასული,“ - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.
კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ. საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული) 60 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნდებათ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის, საპენსიო დანაზოგის სახით 125 მილიონი ლარია მობილიზებული. სქემაში 47 ათასზე მეტი კომპანია და 700 ათასზე მეტი პერსონალური ანგარიშია ჩართული.