Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექტორი: არ ხდებოდა რისკების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა


„არ ხდებოდა კონკრეტული რისკების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა", - ასე აფასებს 31 მარტს, ჭავჭავაძის 5 ნომერში მომხდარ შემთხვევას, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორი მაია მიქაძე.

მისი თქმით, ტერიტორიაზე მოკვლევა კვლავ გრძელდება, თუმცა არსებული სურათიდან ჩანს, რომ გარკვეული საფრთხეების იდენტიფიცირება ობიექტზე არ ხდებოდა.

„იმ საფრთხეებიდან და იმ სურათიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ობიექტზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ხდებოდა კონკრეტული რისკების, არსებული საფრთხეების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია ეს კონკრეტული შემთხვევა. ხოლო უფრო დეტალურად, თუ რა სისტემურმა და ძირეულმა მიზეზებმა გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა, მხოლოდ მას შემდგომ შეგვიძლია საუბარი, რაც დასრულდება მოკვლევის პროცესი და კომპლექსურად შემოწმდება ყველაფერი“.

31 მარტს საღამოს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის მასის ჩამოშლამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი საავადმყოფო უნდა აშენდეს. ამჟამად მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.

მშენებლობას კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს. „ტრანსმშენის" ინფორმაციით, გარდაცვლილები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.

„ტრანსმშენი“ აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG