საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებულ შენობაში დევნილი ოჯახების შეჭრის ფაქტს ეხმაურება.
სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია „დირსის“ კუთვნილი ბინები, რომლებიც სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადაეცეს.
სამინისტროს განცხადებით, დევნილების მიერ კომპანია „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა უკანონო ქმედებაა და მათი განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ. სამინისტრო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200 - მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ.
თბილისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოქვეყნდება. 7 მაისიდან კი, მონიტორინგის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.
სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში.
ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
სამინისტრო, თბილისში, როგორც „დირსისგან“ ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს.