Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობის აქცია დასრულდა, გამოცხადდა ახალი სახალხო მოძრაობის შესახებ


ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სოლიდარობის აქცია დასრულდა, თუმცა მანამდე სტუდენტური ჯგუფის აქტივისტმა, გიორგი ღვინჯილიამ განაცხადა, რომ სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი სამოქალაქო ჯგუფები იწყებენ "სახალხო მოძრაობას, რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებისთვის". მან ეკონომიკური ჩაგვრით დაზარალებულ ჯგუფებს, მათ შორის ტაქსის მძღოლებს, იპოთეკით დაზარალებულებს, დევნილებს მოუწოდა შეუერთდნენ სახალხო მოძრაობას.

ღვინჯილიას თქმით, ეს მოძრაობა ხელისუფლებას, რომელიც სოციალური სამართლიანობის მოთხოვნებს დიდი ხნის განმავლობაში უგულვებელყოფს, დათმობაზე წასვლას აიძულებს.

"ეს ქვეყანა ეკუთვნის ბიძინას, გელა ბეჟუაშვილს, ძმებ შარანგიებს და ასე შემდეგ, ისინი ყველაფერს აზიან და დაშინებული ჰყავთ მშრომელი, პატიოსანი და რიგითი ადამიანები"- განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ, რომლის თქმით უახლოეს დროში გამოცხადდება მოძრაობის პირველი შეხვედრის დრო და ადგილი.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ეს განცხადებები გაკეთდა, საპროტესტო აქცია გაიმართა შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით, ამავე გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე 31 მარტს ორი მუშის დაღუპვის შემდეგ.

აქცია გაიმართა მოწოდებებით „თბილისი სიკვდილის ქალაქია“, „სოლიდარობა მუშებს“. აქციის მონაწილეების თქმით, დაღუპულ მუშებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

დემონსტრანტები გვიან ღამით ასევე მივიდნენ ქალაქის მერის, კახა კალაძის სახლთან, მას შემდეგ, რაც კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მიუხედავად აქციის მონაწილეთა მოთხოვნისა, არ შეხვდნენ დემონსტრანტებს.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, დემონსტრანტებთან მივიდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია აქციაზე ხუთი აქტივისტის დაკავების თაობაზე და მისი აპარატის წარმომადგენლები დაკავებულებს მოინახულებენ. გავრცელებული ცნობებით დაკავებულებს შორის არიან ცოტნე ცხვედიანი, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა ასევე მეექვსე დაკავებული აქტივისტის თაობაზე.

შსს-მ დაადასტურა აქციის მიმდინარეობისას 6 პირის დაკავება "საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით".

აქციის მონაწილეთა თქმით, 'სახალხო მოძრაობის" შექმნის დეტალებისა და შემდგომი დღეების სხვა აქტივობების შესახებ დამატებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში შეიქმნილი გვერდის, „სოლიდარობის ქსელი“-ის მეშვეობით გაავრცელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG