Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ გაათავისუფლა სოლიდარობის აქციაზე დაკავებული პირები


პოლიციამ გამოუშვა თბილისში გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაკავებული ექვსი აქტივისტი, მათ შორის ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე, გიორგი სოფრომაძე და კიდევ სამი პირი.

ვახუშტი მენაბდემ, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცის როდის დაინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვა სასამართლოში. საკუთრივ აქციის თაობაზე მენაბდემ განაცხადა: "ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან სამსახურში. სახელმწიფოს არ გააჩნია ნება დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და სახელმწიფოსგან მოვითხოვთ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა".

შსს-ის განცხადებით, ეს ექვსი პირი დააკავეს "საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით".

სოლიდარობის აქცია დასრულდა, თუმცა მანამდე სტუდენტური ჯგუფის აქტივისტმა, გიორგი ღვინჯილიამ განაცხადა, რომ სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი სამოქალაქო ჯგუფები იწყებენ "სახალხო მოძრაობას, რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებისთვის". მან ეკონომიკური ჩაგვრით დაზარალებულ ჯგუფებს, მათ შორის ტაქსის მძღოლებს, იპოთეკით დაზარალებულებს, დევნილებს მოუწოდა შეუერთდნენ სახალხო მოძრაობას.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ეს განცხადებები გაკეთდა, საპროტესტო აქცია გაიმართა შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით, ამავე გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე 31 მარტს ორი მუშის დაღუპვის შემდეგ.

აქცია გაიმართა მოწოდებებით „თბილისი სიკვდილის ქალაქია“, „სოლიდარობა მუშებს“. აქციის მონაწილეების თქმით, დაღუპულ მუშებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

XS
SM
MD
LG