Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას ხვდებიან


ვენეციის კომისიის დელეგაცია
ვენეციის კომისიის დელეგაცია

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და ვენეციის კომისიის ექსპერტების შეხვედრა, რომელზეც განიხილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მწვავედ აკრიტიკებენ იუსტიციის საბჭოს არამომოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

„ძირითადი წუხილის საგანია ინტერესთა კონფლიქტი და გამოცდების შემოღება. ვფიქრობ, დღეისთვის არ არის რელევანტური, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა მოვთხოვოთ კანდიდატებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორ მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას, როდესაც წარადგენს კანდიდატურას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას კონსენსუსით, თუმცა პარლამენტმა ეს მოდელი არ გაითვალისწინა“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის წინ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს. საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, კანონპროექტი ამომწურავად არეგულირებს ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს და ზედმეტი დაცვაც კი არის ჩადებული, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდა ელემენტარული ტესტია, რათა საბჭოს შეეძლოს კანდიდატის კომპეტენტურობაზე მსჯელობა.

ვენეციის კომისიის ექსპერტები მეორე დღეა თბილისში ეცნობიან მოსაზრებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე.

დელეგაცია უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG