Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: გუშინდელ აქციას თან ახლდა პოლიტიკური შემადგენელი


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს, რომლებიც 1 აპრილს გამართულ აქციაზე მოითხოვდნენ შრომის უსაფრთხოების დაცვას, მაგრამ როცა კადრებში ნახა, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, მისთვის „ყველაფერი ნათელი გახდა.“

კალაძის თქმით, მზად იყო ახალგაზრდების ჯგუფს შეხვედროდა, მოესმინა და მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა წლების განმავლობაში უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

"გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე, თბილისის მერიაც იყო ინიციატორი გარკვეული ცვლილებებისა, რომელთა ინიცირება გასულ წელს მოვახდინეთ, ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, თვითონ მშენებლობებზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ა.შ. ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ დაინახა. როდესაც მე ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ყველაფერს“ - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ. კონკრეტულად ვინ დგას, მერს არ უთქვამს.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე 31 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების გამო, 1 აპრილს გაიმართა სოლიდარობის აქცია, რომლის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ მათთან პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და თბილისის მერის მისვლას. აქციის ორგანიზატორი იყო „სოლიდარობის ქსელი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG