„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო.
„თიბისი ჯგუფის" ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადადგომის ოფიციალური განცხადებით საბჭოს 2 აპრილს მიმართეს.
"თიბისი ბანკის" აქციონერებს 13 აპრილს ეწურებოდათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიცემული ორთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ხაზარაძე და ჯაფარიძე საბჭოდან უნდა გაეწვიათ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რჩებიან სააქციო საზოგადოების „TBC PLC”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობებზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად 14 თებერვალს გამოაცხადა 13 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.
ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.
21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია,"თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს მის მოთხოვნებს.
საქართველოს პროკურატურა 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციას, რომელშიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ და პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.