Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა ია კერზაიას შვილის დაზარალებულად არცნობის მიზეზს განმარტავს


საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განმარტა მიზეზი, რომლის გამოც, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას უარი უთხრეს დაზარალებულად ცნობაზე.

პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.“

გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, გრძელდება გამოძიება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებზე.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

გენერალური პროკურატურის ცნობითვე, ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება და სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დასადგენად.

პროკურატურის განცხადებითვე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, რომლის შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დაზარალებულის სტატუსი მისცემდა საქმის მასალების გაცნობის და საპროცესო მოქმედებების შესაძლებლობას, რაც სააშკარაოზე გამოიტანდა გამოძიების უმოქმედობას.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი დედის გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. შენგელიას ინფორმაციით, სკოლის შემოწმების საბაბი იყო რეალურად არარსებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საქმეზე გამოძიება თებერვალში დაიწყო. საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით.

26 მარტს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის გარემოებების შემოწმების და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები.

რამდენიმე დღის წინ, განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, მისი მორალური პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაშიც კი თანამდებობას დატოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG