Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები მოგერინის მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასთან იმუშაოს საარჩევნო რეფორმისთვის


ევროპის პარლამენტის წევრების ჯგუფი წერილით მიმართავს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის და მას მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს საიმისოდ, რომ ის ჩაერთოს დიალოგში საარჩევნო რეფორმის შესახებ. 2 აპრილით დათარიღებულ წერილში ჯგუფი აღნიშნავს, რომ საქართველოში - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაკავშირებულ ქვეყანაში - 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შეფასება მოჰყვა 1991 წლის შემდეგ.

"ანგარიშში ასახული იყო მნიშვნელოვანი და კონკრეტული საკითხები, მათ შორის ამომრჩევლის ფართომასშტაბიანი მოსყიდვა, საარჩევნო გადაწყვეტილების გამო სამაგიეროს გადახდის შიში, ისევე, როგორც ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. ამასთან, ISFED-მა, თბილისში განთავსებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, არჩევნების კონტექსტში ისაუბრა ზეწოლაზე და დევნაზე, განსაკუთრებით ზეწოლაზე ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორზე, ქალბატონ ია კერზაიაზე, რამდენიმე დღით ადრე მანამ, სანამ მას ინსულტი დაემართებოდა და გარდაიცვლებოდა. ჩვენთვის, ევროპის პარლამენტის წევრებისთვის და საქართველოს მეგობრებისთვის, ორივე ანგარიში შემაშფოთებელია" - ვკითხულობთ წერილში.

პარლამენტარები იქვე აღნიშნავენ: "უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური სტაბილურობა და ცივილიზებული პოლიტიკური დისკუსიების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოახლოვებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე. პროცესის სანდო მონაწილეების და ორგანიზაციების უმრავლესობა, კონკრეტულად ვენეციის კომისია და საქართველოს სანდო დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად ISFED-ი, დიდი ხანია ამბობენ, რომ საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც სუპერუმრავლესობების შექმნისკენაა მიდრეკილი, წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემას. ამჟამინდელი მთავრობის გადაწყვეტილებას, 2020-დან 2024 წლამდე გადაედო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება, დიდი კრიტიკა მოჰყვა ყველა ამ ჯგუფის მხრიდან, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისგან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და სამოქალაქო საზოგადოების სანდო წარმომადგენელმა მთავრობას მოუწოდეს ჩაერთოს დიალოგში, რათა საარჩევნო სისტემაზე კომრომისი უკვე 2020 წელს იქნეს მიღწეული".

წერილის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ: "ვფიქრობთ, რომ საკითხის გარშემო ამგვარი დიალოგი და საბოლოო კომპრომისი აუცილებლად შეამცირებს საქართველოში არსებულ მძლავრ პოლარიზაციას. ამდენად, მოგიწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებასთან სამომავლო კონტაქტის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მეშვეობით საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მოხდენისკენ საიმისოდ, რომ ის საარჩევნო რეფორმის თაობაზე არსობრივ დიალოგში ჩაერთოს ოპოზიციასთან".

წერილს ხელს აწერენ ანა გომეში (სოციალისტები და დემოკრატები), მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია), რებეკა ჰარმსი (მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი), ნატალი გრისბეკი (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი), ჯული უარდი (სოციალისტები და დემოკრატები), ალინ სმიტი (მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი), ტუნე კელამი (ევროპის სახალხო პარტია), ბარტ სტაესი (მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი), ტანია გონზალეს პენიასი (ევროპის გაერთიანებული მემარცხენეები - ჩრდილოეთის მწვანე მემარცხენეები), ჟოზე ინასიო ფარია (ევროპის სახალხო პარტია) და ჟან ლამბერი (მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG