Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: საქართველოში ნატოს აქტიურობა რეგიონული უსაფრთხოების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია


2-3 აპრილს ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო დისკუსიების 47-ე რაუნდი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის წარმომადგენლები.

როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი იტყობინება, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა, შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოში აშშ-ისა და ნატოს აქტიურობა რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.

ამ კონტექსტში, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი განცხადების შემუშავების აუცილებლობას ძალის არგამოყენების შესახებ: „თუმცა, ქართული მხარის „კონტრპროდუქტიულმა პოზიციამ კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი ამ საკითხის წინ წაწევას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის ფორმატით პირველად იქნა განხილული ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის ფაქტი. გალის რაიონიდან დევნილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ აფხაზეთში 10 მარტს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. 12 მარტს, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულებულა, ხოლო იმისთვის რომ ამ საკითხზე დიალოგი დაიწყოს, გამოძიება უნდა დასრულდეს.

“როგორც ვიცი, გამოძიება არც საქართველოში დასრულებულა. ჩვენი პოზიცია ასეთია - ამ თემაზე დიალოგის დაწყებისთვის, ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს. ჩვენი აზრით, ეს არ არის მართებული გადაწყვეტილება. ის ხელს უშლის დიალოგს და ურთიერთთანამშრომლობის ბევრ ელემენტს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის. თუ ჩვენ ჟენევის დისკუსიას მხოლოდ ამ ტრაგიკული შემთხვევების გარჩევამდე დავიყვანთ, მაშინ წინ ვერ წავალთ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ.

ჟენევის მომდევნო შეხვედრა 2019 წლის ივლისში გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. დისკუსიის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიაში მონაწილეობს აშშ-იც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG