Accessibility links

site logo site logo

ჟენევის დისკუსია კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა


საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ რუსეთის და აფხაზეთში მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან ჟენევაში მოითხოვა დეტალური ინფორმაცია 2018 წლის მარტში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დასადგენად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინორმაციით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 47-ე რაუნდზე თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. ამ ფონზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

ჟენევის დისკუსიის ამ რაუნდზეც ქართულმა მხარემ მოითხოვა ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება.

საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობითვე, დელეგაციამ მწვავედ დააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები და ვრცლად ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე.

თბილისის დელეგაციამ კვლავ დააფიქსირა პოზიცია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე და საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებაზე, რასაც თან ახლავს საკუთარ მიწაზე ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა.

დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, იანვარ-თებერვალში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ქართულმა მხარემ კვლავ დასვა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ეთნიკური ნიშნით შევიწროებას.

დისკუსიის ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების და შესრულების საჭიროებას. თბილისის დელეგაციამ კვლავ მოითხოვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან რუსეთის საოკუაპციო ძალების გაყვანა და იქ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ გამოიჩინეს დესტრუქციული მიდგომა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას და მოლაპარაკების ეს ნაწილი დატოვეს.

ჟენევის დისკუსიის 47-ე რაუნდი 2-3 აპრილს გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 2-3 ივლისისთვის დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG