Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლი ითხოვს ფინანსურ ანაზღაურებას საქართველოსა და აზერბაიჯანისგან


თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მისი ადვოკატი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ორივე ქვეყანასთან - საქართველოსთან და აზერბაიჯანთან კომუნიკაცია დასრულებულია. ამჯერად აფგან მუხთარლი და მისი ადვოკატები ევროპული სასამართლოსგან ელოდებიან ინფორმაციას, თუ რა მუხლები დაირღვა აფგან მუხთარლის მიმართ.

აფგან მუხთარლი ითხოვს შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას როგორც საქართველოსგან, ისე აზერბაიჯანისგან მის წინააღმდეგ ჩადენილი „დარღვევების გამო“.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აფგან მუხთარლის განაცხადი, ორგანიზაციიდან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მე და ნიკოლოზ ლეგაშვილმა წარვადგინეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან კომუნიკაცია ორივე მთავრობასთან თითქმის დასრულებულია“.

ადვოკატების მოთხოვნას წარმოადგენს, სასამართლოს მიერ დადასტურდეს ევროკონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტ აფგან მუხთალის მიმართ:

„ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსნების კრიტიკისაკენ, აფგან მუხთალი დევნილი იყო აზერბაიჯანიდან და საქართველოს აფარებდა თავს. ის სწორედ მისი საქმიანობის გამო გაიტაცეს თბილისიდან და შემდეგ გაურკვეველი მეთოდით აღმოჩნდა აზერბაიჯანის საპატიმროში. გამოგონილი ბრალდებით, თითქოს ის უკანონოდ კვეთდა საზღვარს და თან ჰქონდა 10 000 ევროს ოდენობით თანხა და წინააღმდეგობა გაუწია სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს, მას აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სწორედ ამ ფაქტები გამო, ევროსასამართლოსგან ვითხოვთ, დადგინდეს უფლებათა დარღვევის ფაქტი და შესაბამისი ფინანსური ანაზღაურება მიიღოს დაზარალებულმა. ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფოს დაეკისროს შემდგომში ამ დარღვევის გაგრძელების აღმოფხვრა“, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG