Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: იაგო ნებიერიძე სასამართლოში ყველაფრის მოყოლას გეგმავს


გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოში ჩვენების მიცემას და ყველაფრის მოყოლას გეგმავს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს.

„პირდაპირი მტკიცებულებები არ არის, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე ამყარებენ ბრალს. გასულ სხდომაზე დაკითხულ იაგო ნებიერიძის თანამშრომლებს ისეთი ჩვენება არ მიუციათ, რაც მას აღნიშნულ ბრალდებაში დაადანაშაულებდა. ვწუხვარ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვუთანაგრძნობ ოჯახსა და მთელ საქართველოს, მაგრამ ბრალდების მხარეს ჯერ ისეთი პირდაპირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც აღნიშნულ ბრალდებაში ნებიერიძეს დაადანაშაულებდა. ის დუმილის უფლებას იყენებს, მან დაზარალებულსაც მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის, დაველოდოთ", - აცხადებს მარიამ პაპოშვილი.

4 აპრილს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლოში ჩვენებას ხუთი მოწმე მისცემს, მათ შორის არის ორი გამომძიებელი და მოკლული გოგონას ოჯახის მეზობლები.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG