Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის საწინააღმდეგო კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს


საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით, მეორე მოსმენით მიიღო ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობის და ორგანიზატორის დასჯა და ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებლის შემცირება.

საკანონმდებლო ცვლილებით, დასჯადი ხდება პირის მიერ ფინანსური, ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორგანიზება, ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება.

მსგავსი ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

ამავე კანონპროექტით, დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით და სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით.

დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრება ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე.

რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, ისინი მსგავსი ქმედებისთვის დაისჯებიან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

კანონპროექტის ინიციატორიები არიან „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბოლო პერიოდში, საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან, რაც შეიძლება გახდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვის წინაპირობა.

2017 წელთან შედარებით 2018 წელს საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 72%-ითაა გაზრდილი. 2018 წელს, ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში, თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეთა 20 000 განაცხადი დაფიქსირდა და მათგან სამი-მეოთხედი მხოლოდ 5 ქვეყანაში.

კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები ზოგიერთ ქვეყანაში რაოდენობით ჩამოუვარდებიან მხოლოდ საომარ ან კრიზისულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს სირიას, ერაყს, ავღანეთს, ირანს, პაკისტანს და ა.შ.

ამასთან, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეთა განაცხადების მხოლოდ 3% დაკამყოფილდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში.

ინიციატორთა განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის საფუძველია მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის მიერ ევროკავშირის თავშესაფრის პოლიტიკის ბოროტად გამოყენების ხელშეწყობის და ორგანიზების ფაქტები სარგებლის მიღების მიზნით, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა და უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკების მინუმუმამდე დაყვანა.

XS
SM
MD
LG