დავით ბაგრატიონი ესპანეთში გაემგზავრა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გამგზავრების მიზეზი დავით ბაგრატიონის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ადვოკატის თქმით, უცნობია მისი დაცვის ქვეშ მყოფი როდის დაბრუნდება საქართველოში.
რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონი არ აპირებს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას.
"ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, საკუთარი თავის წინააღმდეგ და საკუთარ თავთან დაკავშირებით არ მივცეთ ჩვენება სამართალდამცველ ორგანოებს. ის იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და არ მისცემს გამოძიებას ჩვენებას. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება", უთხრა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ რადიო თავისუფლებას.
დავით ბაგრატიონის მიერ მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესაძლო ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული. უკვე დაიკითხა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. მისი ადვოკატის თქმით, საქმეში დევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ 2014 წელს გაცემული დასკვნა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.
გამოძიების გარდა ბაგრატიონები ორ სასამართლო დავაში არიან ჩართულები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს თანაცხოვრებაში შეძენილ ქონებასა და ბაგრატიონის სამეფო სახლის სახელის უკანონოდ გამოყენებას ედავება.