Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგის მერი კორუფციული სკანდალის გამო გადააყენეს


თანამდებობიდან გადააყენეს ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი ნილს უშაკოვსი.

ოფიციალური გადაწყვეტილება ლატვიის რეგიონული განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მინისტრმა, იურის პუცემ რიგის მერი თანამდებობიდან დაითხოვა მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში სავარაუდო კორუფციის გამო. ნილს უშაკოვსს თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესყიდვებზე არასათანადო ზედამხედველობაში ადანაშაულებენ. უშაკოვსი აპირებს მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ლატვიაში 2018 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება რიგის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში კორუფციის საქმეზე.

საუბარია ჩეხური კომპანიის „შკოდასა“ და პოლონური „სოლარისისგან“ ტროლეიბუსების და ტრამვაის შეძენისას საეჭვო გარიგებებზე, რომელთა საერთო თანხა რიგის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს - 270 მილიონ ევროს შეადგენს.

2019 წლის იანვრის ბოლოს, ლატვიის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა რიგის მერის ბინა და სამუშაო კაბინეტი გაჩხრიკეს. ამ ფაქტის შემდეგ რიგის საკრებულოს ოპოზიციამ დასვა უშაკოვსის გადადგომის საკითხი, რომელმაც საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ნილს უშაკოვსი, რომელმაც 2017 წელს რიგის მერის თანამდებობა მესამე ვადით დაიკავა, აცხადებს, რომ საეჭვო გარიგებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. უშაკოვსი ხელმძღვანელობს პარტია „თანხმობას,“ რომელიც 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG