ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „სამოქალაქო მოძრაობის“ ერთერთი დამფუძნებელი ლევან იოსელიანი წარადგინა.
"მე შემიძლია, მშვიდი სინდისით და ძალიან დიდი სიამაყით წარვუდგინო ოქროყანელებს, სოლოლაკელებს, მთაწმინდელებს და ვერელებს ეს ძალიან კვალიფიციური, პრინციპული და კეთილსინდისიერი ადამიანი" - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ის იმ პრობლემებს მიიტანს პარლამენტამდე, რომლებიც ხალხს აწუხებს. მაჟორიტარობის კანდიდატი გეგმავს „კომფორტის ზონა დაარღვიოს იქ, სადაც ხალხის პრობლემები არ ახსოვთ“:
„ხალხის პრობლემები უნდა ისმოდეს პარლამენტში, პარლამენტი ეს არის ადგილი, სადაც უნდა ლაპარაკობდნენ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. კინკლაობისა და ერთმანეთზე გაწევ-გამოწევის ადგილი არ არის. ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებზე უნდა ლაპარაკობდნენ. უნდა საუბრობდნენ იმაზე, რომ მთაწმინდა, სოლოლაკი და ვერა თავზე ენგრევათ ადამიანებს და როგორ მოუგვარებენ ამ პრობლემას“.
ალეკო ელისაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობა 2018 წლის ბოლოს დააფუძნა. გუნდის წევრები არიან ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და სხვები. მოძრაობას ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებს.
ამ დროისათვის მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის ცხრა კანდიდატი: „ქართული ოცნება“ - ექიმი ლადო კახაძე; "თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ - შალვა შავგულიძე; „გირჩი“ - ჰერმან საბო, პოლიტიკურმა გაერთიანება "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - მიხეილ-გელა სალუაშვილი. ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით კენჭს იყრიან - სოფო ხორგუანი, გრიგოლ გეგელია, კობა დავითაშვილი და გიორგი ანდრიაძე.
მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.