საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "თიბისი ბანკის" შემოწმების საკითხზე პარლამენტში გამოსვლისას დაასახელა 8 ფაქტი, რომელიც კობა გვენეტაძის თქმით, ბანკის დამფუძნებლებმა და სხვებმა პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებამდე არასწორად მიიტანეს და ამის მიზეზი სავარაუდოდ, იყო აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანა და ეროვნული ბანკის დისკრედიტაცია.
პირველ ფაქტად კობა გვენეტაძემ მოიყვანა აქციონერების განცხადება, რომ 2008 წელს, ბანკიდან ნასესხები თანხით სააქციო კაპიტალი გაიზარდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სინამდვილეში 2008 წელს „თიბისი ბანკის“ კაპიტალი არ გაზრდილა და ამის შემოწმება მარტივად შეიძლება ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების დოკუმენტებით.
„უფრო მეტიც, თუ აქციონერებმა ნამდვილად გააკეთეს ის, რასაც ამბობენ, მაშინ მათ კიდევ უფრო უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობა. მაშინ სამმაგ დარღვევასთან გვექნებოდა საქმე. პირველი - დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის დებულება, მეორე - ბანკებს ეკრძალებათ ბანკიდანვე მიღებული სახსრებით კაპიტალის ზრდა და ამ ოპერაციას გავლენა ექნებოდა ბანკის მინორიტარი აქციონერების წილობრივ საკუთრებაზე” - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მეორე ფაქტად დაასახელა აქციონერების განცხადება, რომ 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში გააჩერა „თიბისი ბანკი“ და პრაქტიკულად, აუკრძალა სესხების გაცემა.
კობა გვენეტაძემ ამ განცხადებასაც ტყუილი უწოდა. მისი ინფორმაციით, სინამდვილეში 2007 წელს ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამის შემოწმებაც იოლად შეიძლება ეროვნული ბანკის ვებსაიტზე.
გვენეტაძის ცნობით, 2006 წლის ბოლოს „თიბისი ბანკის“ საკრედიტო დაბანდება იყო 594 მილიონი ლარი, ხოლო 2007 წლის ბოლოს მილიარდ 173 მილიონი, ანუ ერთ წელიწადში პროტფელი თითქმის გაორმაგდა.
კობა გვენეტაძის განცხადებითვე, ამ პერიოდში ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტს და განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობის და სხვა სექტორებში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის ომის და კრიზისის დროს „თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა აგრესიული საკრედიტო პოლიტიკის გამო.
„სამ წელზე მეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვარ და წინამორბედის საქმიანობა არასდროს შემიფასებია, მაგრამ მიკვირს, რატომ ვერ აღკვეთა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, მსგავსი დარღვევები 2007 წელს. მაშინ, როდესაც ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტიაა და ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს ასევე ვთქვა, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ“ - განაცხადა გვენეტაძემ, რომელიც ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს გულისხმობდა.
მისივე თქმით, ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და შეცდომაში შეიყვანა. „მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენაა. განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ის მიღებულია წილის გაყიდვით, ან დივიდენდის სახით. ხოლო თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება, ამას მეანაბრეების თანხების საფრთხს ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. და თუ რა ჰქვია ამ ყველაფერს პოპულარული ენით, ამის თქმას ამ ტრიბუნიდან არ ვიკადრებ“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მესამე ფაქტად მოიყვანა აქციონერების განცხადება, რომ 2008 წელს „თიბისი ბანკმა“ 200 მილიონი დოლარის სესხი ჩამოწერა. კობა გვენეტაძის ინფორმაციით, რეალურად ჩამოწერილი სესხების მოცულობა გაცილებით ნაკლები იყო. „2008 წელს დამდგარი ზარალის თითქმის ნახევარს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ კომპანია „სამგორის“ გავლით აღებული სესხები შეადგენდა მაშინ, როცა „სამგორი“ ჩვეული რეჟიმით აგრძელებდა „თიბისიში“ აღებული სხვა სესხების მომსახურებას და ახალ სესხებსაც კი იღებდა“ - თქვა კობა გვენეტაძემ. მისი ინფორმაციით, ზარალის 43% სწორედ ამ სესხების ჩამოწერით იყო გამოწვეული.
კობა გვენეტაძემ მეოთხე ფაქტად დაასახელა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ „სამგორს“ ჰქონდა დამტკიცებული ღია საკრედიტო ხაზი და შეეძლო ბანკის დამატებითი თანხმობის გარეშე ამ სესხების აღება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს ტყუილია, რადგან ყველა სესხი გაიცა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების შედეგად.
გვენეტაძემ მეხუთე ფაქტად მოიყვანა ხაზარაძის განცხადება, რომ „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“ გაკოტრდნენ, რის გამოც სესხებს ვეღარ მოემსახურებოდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან ეს ორი კომპანია აღარ ახორციელებს აქტიურ ბიზნესსაქმიანობას, „სამგორი,“ როგორც ჯგუფი არ გაკოტრებულა და დღესაც მუშაობს.
კობა გვენეტაძის განცხადებით, 2012 წელს "სამგორი ჯგუფს" და მის აქციონერებს, როგორც თავდებ პირებს შეეძლოთ სესხის მომსახურება, თუმცა, ყოველგვარი ახსნის და ანალიზის გარეშე სესხები გადაეცა ოფშორულ კომპანიას, რომელმაც სესხის მომსახურება არ გააგრძელა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ კომპანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე იყო.
„ფაქტი ნომერი ექვსი - მამუკა ხაზარაძემ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ბატონი წერეთელი წლების განმავლობაში მისი მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი იყო. ეს კი სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც, კანონმდებლობის მიხედვით, ხდება ბანკის ინსაიდერების დადგენა. შესაბამისად, სხვა მიზეზებს საერთოდ თავი რომ დავანებოთ, აღნიშნული ფაქტორების გამო ბატონ მამუკას ამ ურთიერთობების შესახებ უნდა განეცხადებინა, რის შედეგადაც სესხები გაცემის მომენტშივე ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და ამ ფორმატით გაცემა ვეღარ მოხდებოდა“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდეტმა მეშვიდე ფაქტად მოიყვანა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ მისთვის 2007 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი თანხის წარმომავლობა, კერძოდ, ის, რომ მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის სესხად მიცემული თანხები „სამგორი M“-ს და „სამგორი თრეიდ“-ს თავის მხრივ, ნასესხები ჰქონდათ „თიბისი ბანკისგან.“
გვენეტაძის შეფასებით, ამ შემთხვევაშიც, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც მინიმუმ ინფორმაციის მიღების შემდეგ მაინც ევალებოდათ ბანკის ადმინისტრატორებს ფაქტის გამჟღავნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ამას მოჰყვებოდა სესხების ინსაიდერულად აღიარება, რაც ასევე, არ მომხდარა.
მერვე ფაქტად კობა გვენეტაძემ დაასახელა აქციონერების განცხადება, რომ 2008 წელს ეროვნული ბანკის მიერ ეს ტრანზაქცია უკვე შემოწმებული იყო. გვენეტაძის თქმით, სიმართლეს არც ეს შეესაბამება. „მე მაშინ ეროვნულ ბანკში არ ვმუშაობდი, მაგრამ ეს დარღვევა მაშინ ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენილი რომ ყოფილიყო, „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“ 2008 წელს როგორც მინიმუმ ინსაიდერებად დაკლასიფიცირდებოდნენ, რაც ასევე, არ მომხდარა“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად 14 თებერვალს გამოაცხადა 13 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.
ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.
21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია,"თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს მის მოთხოვნებს.