„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ შესრულებული საჯარო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.
საარჩევნო და პოლიტიკური საკითხები: სრულად პროპორციულ წესზე 2020 წლისთვის გადასვლას ემხრობა გამოკითხულთა 45%. 22% - წინააღმდეგია. კონსტიტუციის მიხედვით, ცვლილება 2024 წლიდან შედის ძალაში.
კითხვაზე - რამდენად სამართლიანად ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები? - გამოკითხულთა 12% პასუხობს, რომ „ძალიან სამართლიანად“, 28% - „უფრო სამართლიანად, ვიდრე უსამართლოდ“. შეფასებას - „ძალიან უსამართლოდ“ - იზიარებს 24%, „უფრო უსამართლოდ, ვიდრე სამართლიანად“ – 24%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების თემაზე გამოკითხვის შედეგები ასეთია: 37% ფიქრობს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვას ხელისუფლების მხრიდან; 24% თვლის, რომ იყო ხელისუფლების მხრიდან დაშინება საკუთარი ან ოჯახის წევრის სამსახურის დაკარგვით; 22% ეთანხმება მოსაზრებას, რომ იყო ხელისუფლების მხრიდან დაშინება სოციალური დახმარების მოხსნით; 18% - დაშინება კრიმინალების მხრიდან.
2018 წლის ბოლოს მოქალაქეებისთვის საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანების განულების ინიციატივას „ძალიან დადებითად“ აფასებს გამოკითხულთა 18%, „დადებითად“ – 45%. გამოკითხულთა 99%-ს სმენოდა ამ ინიციატივის შესახებ. შეკითხვაზე ვის შეეხო ეს ინიციატივა, 8%-მა თქვა, რომ პირადად მას შეეხო, 9%-მა კი თქვა, რომ მისი ოჯახის წევრს. გამოკითხულთა 13% სრულად ეთანხმება და 18% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს ინიციატივა უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიის მიერ მოსახლეობაზე ზრუნვა იყო; 16% სრულად ეთანხმება და 38% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს უპირველეს ყოვლისა არჩევნების წინ ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მცდელობა იყო.
ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობას ხედავს გამოკითხულთა 80%.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება: მკვლელობის შესახებ სმენოდა გამოკითხულთა 96%-ს. მათგან 84% თვლის, რომ საგამოძიებო ორგანოებს საქმე საფუძვლიანად არ გამოუძიებიათ. გამოკითხულთა 76% თვლის, რომ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია.
ახალი საკრედიტო რეგულაციები: ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შესახებ სმენია გამოკითხულთა 65%-ს. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კრედიტის აღების მცდელობა გამოკითხულთა 14%-ს ჰქონდა. მათგან პრობლემა შეექმნა 64%-ს.
საპენსიო რეფორმა: რეფორმის შესახებ სმენია 87%-ს. საპენსიო რეფორმას ძალიან დადებითად და დადებითად აფასებს 3% და 17%. უარყოფითად და ძალიან უარყოფითად 35% და 18%. საპენსიო სქემაში ჩართვა დაადასტურა 49%-მა. ამდენივემ უარყოფითი პასუხი გასცა შეკითხვას. სქემაში ჩართულთაგან 95%-ს შეუმცირდა ხელზე ასაღები ხელფასი/შემოსავალი.
განათლების სფერო: სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას იწონებს გამოკითხულთა 22% და იწუნებს 73%. სასკოლო განათლებას საშუალოდ აფასებს 45%, ძალიან ხარისხიანად - 1%, ხარისხიანად - 17%, უხარისხოდ - 23%.
საგარეო პოლიტიკა: გამოკითხულთა 41% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა „ცდილობს რუსეთთან და ევროპასთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს“. 27%-ის აზრით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა პროდასავლურია, 16% თვლის, რომ მთავრობა პრორუსულია.
მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, მტერი და საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, იზიარებს გამოკითხულთა 46%. მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთან ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეთანხმება ან სრულად ეთანხმება 44%.
მედია: გამოკითხულთა 55% თვლის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მთავრობის ინტერესებს გამოხატავს. გამოკითხულთა 65%-ის შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ოპოზიციისას. გამოკითხულთა 18%-ის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობის ინტერესებს გამოხატავს.