Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ თურქეთში "წარმომადგენელი" დანიშნა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში თავის წარმომადგენლად დანიშნა რემზი კანუკატი.

სააგენტო „რეს“-ი დე ფაქტო სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რემზი კანუკატი, იგივე რემზი ილდირიმი თურქეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სტამბოლში ყოფნისას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა რემზი კანუკატის გადასცა სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოწმობა და „დიპლომატიური პასპორტი.“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რემზი კანუკატი თურქეთში შეასრულებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა“ საკონსულო მომსახურების ფუნქციასაც და თავის საქმიანობას განახორციელებს თურქეთში მცხოვრები ოსების საზოგადოების, „ალანის“ მხარდაჭერით.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი წარმომადგენლის ფუნქციებშია ადგილობრივ ხელისუფლებასთან საქმიანი ურთიერთობები და კავშირები თურქეთში აკრედიტებული ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

თურქეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ის ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG