„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან მიაგეს პატივი1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელმაც სათავე დაუდო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
„9 აპრილი არის სიმბოლო იმის, თუ როგორ ერთ მუშტად უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა შეკრული ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“ - განაცხადა უდუმაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება და გაგრძელდება, სანამ საქართველო არ დაიბრუნებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი.
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.