Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგიჩაიშვილი: ივანიშვილი დგას მოძალადეების გვერდით


ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია უმრავლესობიდან გასულ წევრებზე, რადგან ვერ გააჩუმა, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათწევრიანი სიის გატანას ითხოვდა.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, ივანიშვილმა თავად გასცა პასუხი უმრავლესობიდან მისი, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და ზვიად კვაჭანტირაძის წასვლის მიზეზს.

„ეს არის ის, რომ ივანიშვილი დგას მოძალადეების გვერდით. ჩვენ უმრავლესობა სწორედ იმის გამო დავტოვეთ, რომ მას უნდა საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ივანიშვილი იდგა ჩინჩალაძის, მურუსიძის, ალანიას მხარეს, ადამიანებს ეს არ სჯეროდათ და ეგონათ, რომ შარზე ვიყავით, მაგრამ ეს ივანიშვილმა გუშინ თავად აღიარა და თავად გაავლო წყალგამყოფი, რომ ის დღეს დგას მოძალადეების გვერდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან საშიშროება მოდის, რომ პარლამენტის უმრავლესობას აიძულებს მოძალადე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას.

9 აპრილს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული წევრები და განაცხადა, რომ მათ ბოლო წლების განმავლობაში მოსამართლეების საკითხი არც კი გახსენებიათ.

XS
SM
MD
LG