საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში სიტყვით გამოდის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.
გამოსვლა ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან მეოცე წლისთავს.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლის წინ, ანსამბლმა "რუსთავმა" საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა.
"ჩვენ ახლა მოვისმინეთ მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოები, ავთენტური ქართული პოლიფონიური სიმღერა, სადაც მრავალი ხმა ერთიანდება კომპლექსში, ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს; ავითარებს და აწინაურებს. ეს არის ქართული ეროვნული იდენტობის ძალიან ძლიერი მარკერი. როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ეს პოლიფონია მიცოცხლდება გონებაში და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს გვესმის ის ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეზე" - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.