უნგრეთი არ გაამარტივებს წესებს საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის, მიუხედავად ბრიუსელიდან ზეწოლისა ჯორჯ სოროსის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის თაობაზე. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ევროპის კავშირი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ბრალად სდებს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაში უმაღლესი განათლების სფეროში ახალი წესების შემოღებასთან დაკავშირებით. ის ავალდებულებს ყველა უცხოურ უმაღლეს სასწავლებელს, კამპუსები ჰქონდეთ იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა მათი დაარსება.
კრიტიკოსთა აზრით, ეს კანონმდებლობა მიმართულია კონკრეტულად ამერიკელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. სოროსის უნივერსიტეტი მხოლოდ ბუდაპეშტში მოქმედებს და არა აქვს განყოფილებები სხვა ქვეყნებში.
ოქტომბრის ბოლოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ თავის საქმიანობას ნაწილობრივ გადაიტანს ბუდაპეშტიდან ვენაში. მანამდე უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო სოროსის მიერ დაარსებული ფონდი „ღია საზოგადოება“ იძულებული გახდა ბუდაპეშტიდან ბერლინში გადასულიყო.
პრემიერ-მინისტრმა ორბანმა არაერთხელ დასდო ბრალი სოროსს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში, ასევე ოპოზიციის მხარდაჭერასა და მიგრაციული ნაკადების შექმნაში. სოროსი ლტოლვილთა დახმარებას ჰუმანიტარულ მისიად მიიჩნევს.